პოლიკლინიკები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშონ

პოლიკლიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშონ, თუმცა ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. აღნიშნულ ინიციატივაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ სამინისტრო კლინიკების გეოგრაფიულ მდებარეობას გაითვალისწინებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ დასახლებებში შენარჩუნდეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო კაპიტაციური (სულადობრივი) ტარიფის გადახედვაზე იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტისთვის აღნიშნული ინიციატივის შესახებ არაფერია ცნობილი. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, პროფესიით ექიმმა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კარგი იქნებოდა, სანამ სამინისტრო ინიციატივებზე დაიწყებდა მუშაობას, მოთელვა პარლამენტთან გაეარა.

“ზოგადად, კარგი იქნება, ჯანდაცვის სამინისტრომ, სანამ კონკრეტულ ინიციატივებზე დაიწყებს მუშაობა, ჩვენთან შეათანხმოს და საქმის კურსში ჩვენც ჩაგვაყენოს. ასე არ შეიძლება. ამ კონკრეტული ინიციატივის შესახებ არაფერი ვიცი, თქვენგან პირველად გავიგე. ზოგადად, ცუდად იქცევა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ საქმის კურსში არ გვაყენებს. რატომ უნდა ჰყავდეს მაინც და მაინც 13 000 დაზღვეული და არა 12 000 ან 14 000 გაუგებარია? ვიმეორებ, კარგი იქნება, სამინისტრომ, სანამ ინიციატივებს წამოწევს, მოთელვა პარლამენტთანაც გაიაროს. იგივე მოხდა 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, დაადგინეს და მერე გავიგეთ”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.

რაც შეეხება 13 000-იან ზღვარს, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, გამოთვლა შემდეგნაირად მოხდა: “საიდან მოვიდა 13 ათასი? ჩვენ პირველად ჯანდაცვაში გვაქვს კაპიტაციური დაფინანსება და ერთ სულ მოსახლეზე გარკვეული თანხის ოდენობაა განსაზღვრული – მაგ: 1. 93 თეთრი. ამ თანხის ოდენობის დათვლა შემდეგი დაშვებით მოხდა: დაწესებულებაში მუშაობს 5 ოჯახის ექიმი, 5 ექთანი, ანუ ჯამში 5 გუნდი. ხოლო იმისთვის, რომ ფინანსური თვალსაზრისით მას გამართლება ჰქონდეს, ისინი უნდა ემსახურებოდნენ სულ მცირე 2500 მოსახლეს. მცირე უბნებში კი ასე არ ხდება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, უახლოეს მომავალში, საქართველოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩამოვა და სწორედ მათთან ერთად გადაიხედება კაპიტაციის მოცულობა. რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს, გაბუნია განმარტავს, რომ დადგენილების პროექტი უკვე მზადაა და ახლა მხოლოდ ლოკაციები ზუსტდება.

მსგავსი თემები