„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოხდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის მიდგომები. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში გარკვეული კორექტირება შევა. თუმცა ჩვენ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფოს, თვითმმართველობისა და ბიზნესის მოსაზრებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვა შემდეგი სპეციფიკური ნარჩენების – შესაფუთი ნარჩენები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები, საბურავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – მართვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა.

საკანონმდებლო პაკეტში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა ევროკავშირის, USAID-ის, SIDA-ს დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. შემაჯამებელი განხილვის ორგანიზატორები კი USAID-ის და CENN–ის წარმომადგენლები იყვნენ.

მსგავსი თემები