“არც ჩვენ ვართ ცოტა, უკვე 30-ზე მეტნი ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომაზე, დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე შეჯერება ვერ მოხდა. დეპუტატის თქმით, საჭიროა უმრავლესობის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნოს.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტის ავტორები, პროცესის სრული დაცვით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

“ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა,  დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ვერ მივიღე დადებითი პასუხი კითხვებთან დაკავშირებითაც, რომელიც გვაქვს. ამიტომ, გავაგრძელებთ პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ კანონპროექტს, დავიცავთ ყველა პროცედურულ საკითხს. ვარ უმრავლესობის წევრი, დამფუძნებელი და კანონმდებელი, მაქვს უფლება, მით უმეტეს პროცედურების დაცვით გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ორ პალატიან სისტემას”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

კითხვაზე, თუ რა პოზიცია ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელს ინიციატივასთან დაკავშირებით, ხუნდაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი გუნდის უმრავლესობასთან ერთად პროცესების განვითარების წინააღმდეგია. ხუნდაძის თქმით, მისი თანამოაზრეების რაოდენობა უკვე 30-ზე მეტია

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა, ისე როგორც ჩვენ დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა ამიტომ, ვაგრძელებთ პროცესს. უკვე ვართ 30-ზე მეტი,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის აზრით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევია.

„ 2024 წელს ნაჩქარევად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ვიდრე ეს შეცდომა რეალურ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, სჯობს, გამოვასწოროთ. თუ შეცდომის გამოსწორებაში გუნდის წევრები არ აგვყვებიან, ამ შეცდომის გამოსწორებას ვეცდებით ჩვენ, ის, ვინც ვართ თანამოაზრები“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. ამ საკითხზე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

მსგავსი თემები