20-21 ივნისის დაზარალებულებისთვის, სამართლებრივ და სამედიცინო სერვისებს ევროკავშირი დააფინანსებს

„ეს არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევროკავშირის მხრიდან, 20-21 ივნისის დაზარალებულების დაცვის მიმართულებით. ჩვენ ვიმუშავებთ როგორც პროკურატურის, შს სამინისტროს, საქართველოს საერთო სასამართლოზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართულებით. ამ სამართლებრივი მიმართულებებით გავუწევთ დახმარებას 20-21 ივნისის, „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებულ ადამიანებს“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ იურისტმა გიგა ლემონჯავამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც 20-21 ივნისის დაზარალებულებისთვის უფასო სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.

იურისტის ინფორმაციით, ცენტრს რამდენიმე ადამიანმა უკვე მომართა. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კი სტატუსის მინიჭების მომლოდინეთა სიაშია.

„მომართვები გრძელდება. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამინმა მომართოს ცენტრ „ემპათიას“, იმიტომ, რომ ეს სერვისები – სამედიცინო, ასევე სამართლებრივი, ევროკავშირის დახმარებით, მათთვის იქნება აბსოლუტურად უფასო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რამდენადაც ეს იქნება პირველი კომპლექსური შესწავლა. დაიდება კომპლექსური დასკვნა, კონკრეტული ინდიკატორების, თუ რა როგორც მოხდა, რა იყო შეუსაბამო როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობასთან ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს იქნება მნიშვნელოვანი, სამართლებრივი შეფასება იმ მოვლენებისა რაც მოხდა,“ – განაცხადა გიგა ლემონჯავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

საქართველოში ყველა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვის შემდეგ, ცენტრი აპირებს,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი თემები