ევროკავშირი, 21 ივნისს დაზარალებულებს მსხვერპლებად ცნობს და მათ დასახმარებლად პროექტს იწყებს

„პროექტი 20-21 ივნისის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებისთვის“ – ასე აფასებს წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ინიციატივას, რომელზეც მან „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო პროექტი. ესა არის ჰოლისტური დახმარების პროექტი, 20-21 ივნისის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებისთვის. მოგეხსენებათ 21 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ მონაწილეები, მათ შორის დაახლოებით 200 ადამიანი საავადმყოფოში მოთავსდა სხვადასხვა დაზიანებებით, მათ შორის მძიმე დაზიანებით. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით 500-ზე მეტმა სამოქალაქო პირმა მიიღო დაზიანება. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, სასამართლო, სამედიცინო და სასამართლო ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, იურიდიულ დახმარებას და სამედიცინო დახმარებას“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

პროექტის დამფინანსებელი ევროკავშირია. „ემპათია“ ყველა დაზარალებულს მოუწოდებს, საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლოს.

„ამ ეტაპისთვის,  ჩვენ გვაქვს დაახლოებით 100 მიმდინარე საქმე.  სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი  დაზარალებულად ცნობილი არ არის.  შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტურად. 26 პირი მომლოდინეთა სიაშია, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც არის ამ ღამეს დაზარალებული, მოგვმართოს, იქნება ეს პატიმრობაში მყოფი პირი თუ არა პატიმარი“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები