საქართველოში A და B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს

  •  

საქართველოში, ლაბორატორიულად ორი ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით სახეზე გვაქვს  ორი ტიპის ა ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპი – A და B ტიპის გრიპის ვირუსი. მაღალია „პარაგრიპის“, „რინო ვირუსის“ შემთხვევები. შარშან,   დეკემბერში მივიღეთ პიკი, დეკემბრის ბოლო კვირა იყო მაქსიმალური რაოდენობა და წელსაც ველოდებით ამ შემთხვევების მატებას. საქართველოსთვის ტიპიურია  დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და მარტი. ეს ოთხი თვე გვაქვს მაქსიმალური აქტიურობის“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ივანე ჩხაიძე ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ავად: „შემთხვევების მატება იგრძნობა როგორც მოზრდილებში, ისე გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემოსულ პაციენტებში. შემთხვევების ზუსტი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით მოიმატა შემთხვევებმა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებები. ესაა დაავადება, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე გამორჩეული სიმპტომით. პირველ რიგში, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, მძიმე მიმდინარეობა აქტიურობისა და საკვების მიღების თვალსაზრისით. შეიძლება იყოს ყელის ტკივილის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, იშვიათი ხველა. ბავშვებში შესაძლებელია მიმდინარეობდეს მუცლის ტკივილიც“.

როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, გრიპს მძიმე გართულებები ახასიათებს და საყურადღებოა: „ასე, რომ განსხვავება გაციებასა და გრიპს შორის ძალიან დიდია. სწორედ გრიპია რაც ჩვენ გვაშინებს, ვინაიდან ამ დაავადებას ახასიათებს მძიმე გართულებები. ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ფილტვების ანთება, პლევმონია, რაც განაპირობებს კიდეც ლეტალულ გამოსავალს იმ შემთხვევებში, როდესაც ან გვიან იწყება დაავადების მართვა, ან დაავადება მიმდინარეობს თავიდანვე მძიმედ“.

მსგავსი თემები