საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს

  •  

მთავრობის 520-ე დადგენილება არ გადავადდება, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს. ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. 

მათივე ცნობით, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები.

როგორც კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მიქელტაძემ აღნიშნა, პრემიერთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა და იქნება საკითხის გადახედვა. 2-3 დღეში იქ, სადაც არის ცოტა რთული ვითარება, იქნება განხილული, მივიღებთ შესაბამის პასუხს და გადაწყვეტილებას. გადავადება არ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ როგორმე რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რათა არ დაზარალდნენ პაციენტები. მიღებულია გადაწყვეტილება, ჩვენი ფინანსისტები და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები ერთად გაივლიან ამ ტარიფებს. თუ სადმე რამე პრობლემაა, შევეცდებით აღმოიფხვრას“, – განაცხადა დავით მიქელტაძემ.

როგორც ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი აცხადებს, გადავადებაზე იყო უარყოფითი დამოკიდებულება,რადგან პროგრამა უნდა განვითარდეს.

„უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში პრინციპულ საკითხს პრემიერი დაგვპირდა, რომ განიხილავს, ასევე დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, ასევე უმოკლეს ვადებში ის უზუსტობები და შეცდომები, რაც არის ტარიფებში, გასწორდეს. მათი პოზიცია იყო ასეთი, რომ იქ, სადაც არის კაზუსები და შეცდომები, განაცხადეს, რომ რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და ლოგიკური ტარიფები უნდა დაიდოს“, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ალექსანდრე ალადაშვილის განცხადებით,

„კონფლიქტების დარეგულირების საქმეში პრემიერ-მინისტრმა გამოაჩინა დიდი ტალანტი. შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოებების წარმომადგენლები და საჭიროა სტანდარტების შემუშავება“, – განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.

„პინეო სამედიცინო ეკოსისტის” ხელმძღვანელმა, ზაზა სინაურიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული და საინტერესო.

„აღმოჩნდა, რომ ექვსი თვით გადადება არ განიხილება, მაგრამ იქ არის რაღაც ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას, არა ექვს თვეზე, არამედ სამ თვეზე მაგალითად. აი, ამის პასუხს ველოდებით ჩვენ ორ-სამ დღეში. საუბარი არის ასევე პრინციპულ ტარიფიკაციაზე, რა პრინციპით უნდა მოხდეს ტარიფიკაცია. ჰაერიდან ხომ არ შეიძლება აღებული იქნას ციფრები. ჯერ მოხდება ტარიფების დათვლა და რამდენად დაკორექტირდება ამას დრო გვაჩვენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქნება ორმხრივი მუშაობა და არ იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი“, – განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა.

მსგავსი თემები