“კრიმინალს ეროვნება არ აქვს” – რას ყვებიან მომხდარის შესახებ გუდაურში ნაცემი უცხოელები

 

გუდაურში მომხდარი დაპირისპირების დროს ნაცემი რუსი პარაპლანისტი ფიოდორ ჩელიშევი აცხადებს, რომ მომხდარს არაფერი აქვს საერთო ​პოლიტიკასთან და ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის დაპირისპირება, არც ნაციონალურ ნიადაგზე მომხდარა. ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგია და ცდილობს მომხდართან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს სოციალური ქსელით, ღიად უპასუხოს.

ფიოდორ ჩელიშევი საავადმყოფოდან დღეს, პირადი განცხადების საფუძველზე გამოეწერა. მას მიღებული აქვს ტრავმა თავის, კისრისა და ზურგის არეში.

როგორც ჩელიშევმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილობრივ დაჯგუფებასთან დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. უსიამოვნო ინციდენტები მანამდეც მომხდარა, რის შესახებაც საქმის კურსში იყო ადგილობრივი პოლიცია და ტურიზმის დეპარტამენტიც, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.

​ორწელიწადნახევარია საქართველოში ვცხოვრობ და ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. ვარ პროფესიონალი პარაპლანისტი. დაპირისპირების მიზეზი გაცილებით ღრმაა. ერთი წლის წინათ, როდესაც ადგილობრივი სოფლის ბიჭებმა გადაწყვიტეს საკუთარ ხელში აეღოთ ამ ბიზნესის კონტროლი, შევთანხმდით, რომ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გადავუხდიდით. ამ შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ კი მოითხოვეს დაგვეტოვებინა საფრენი ბილიკი”, – აცხადებს დაზარალებული ფიოდორ ჩელიშევი.

​მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ დაჯგუფებასთან კონფლიქტი ჰქონდათ ზამთრის პერიოდშიც. პოლიცია ინფორმირებული იყო მუდმივად, მაგრამ კარდინალური ზომები არ მიუღიათ.

“კრიმინალს ეროვნება არ აქვს, ამიტომ მე მათ ვუწოდებ უბრალოდ მთიელებს. მესმის, რომ არიან პატრიოტულად განწყობილი ქართველები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკმარისად არიან აქ სპეციალისტები, რომლესაც შეუძლიათ გაუძღვნენ ამ სფერო. ჩვენ ვსაუბრობთ არა ეროვნებათა შორის კონფლიქტზე, ეს არის კონკრეტული რეგიონის პრობლემა. ზამთარში ამავე პირებმა სცემეს ფასანაურელები. კახელებიც განდევნეს იქიდან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ მათ უნდა აწარმოონ აქ ბიზნესი. როდესაც ადამიანს არ აქვს სპორტის ამ სახეობის გამოცდილება, არ იცის ენა და ტურისტებთან ურთიერთობა, ის ბიზნესს ვერ აწარმოებს, ქვეყანა კი დაკარგავს ტურისტებს. გიდებიც კი ხშირად არ არიან კომპეტენტურები, სათანადოდ არ იციან ქვეყნის ისტორია, არ იციან უცხო ენა და ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან ტურისტებს”, – აცხადებს რუსი პარაპლანისტი.

როგორც მედიაცენტრს “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია “ატლანტიდას” დირექტორმა ანატოლი მიხაილიუტამ განაცხადა, მათი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 4 წელია მუშაობს, ოფიციალურად არიან დარეგისტრირებულნი და ქვეყნის ბიუჯეტში წელიწადში 50 000 ლარს იხდიან.

“ამ ხნის განმავლობაში ბევრი უსიამოვნება გვქონდა. ჩვენი კონკურენტი პილოტები, რომელიც ამავე საქმიანობებას ეწევიან და ემსახურებიან უცხოელებს, ხშირად არაკომპეტენტურები არიან და ამის გამო ხშირია ტრავმები. ვეცადეთ ამ პრობლემის მოგვარებას ლიცენზირების გზით. ტურიზმის დეპარტამენტს მივმართეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”, – აცხადებს ანატოლი მიხაილიუტა.

მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობდა კომპანია “ატლანტიდას” ინტერესების დამცველი ადვოკატი ნუგზარ ბირკაია. მისი განმარტებით, უკრაინელ და რუს პარაპლანისტებს
​​საფრენი ბილიკი არენდით აქვთ აღებული. ადგილზე, სადაც აღნიშნული კომპანია ხტომებს ახორციელებს, ტენდერი შარშან გამოცხადდა და მაშინ “ატლანტიდამ” გაიმარჯვა.

“მას შემდეგ, რაც ქონების მართვის სააგენტომ გამოუყო მათ ეს მიწა, ანატოლიმ ძალიან ცივილურად მოაწყო  იქაურობა. ამ კომპანიას ტურისტულ ორგანიზაციებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები და ეს ტურისტები, რომლებიც გუდაურში ჩამოდიან, მათი მუდმივი კლიენტები არიან. ეს კომპანია დაახლოებით 19 წელია ამ საქმით არის დაკავებული”, – აცხადებს ბირკაია.

​მისივე ინფორმაციით, პარაპლანით ერთი გადახტომა 250 ლარი ღირს. ამ ბიზნესით ადგილობრივი მცხოვრებლებიც არიან დაკავებულნი. არის იქ სხვა გადასახტომი ადგილებიც, მაგრამ მათ ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ კონკურენცია მათ წარმატებაში ხელს უშლის.

​ადვოკატის ინფორმაციით, მომხდარის სათანადოდ გამოძიებითა და დამნაშავე პირების დასჯით დაინტერესებულია მხარის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, რომელიც გამოძიების პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს.

გუდაურში 9 ივნისს, ქართველ და უცხოელ პარაპლანისტებს შორის დაპირისპირების შედეგად 4 პირია დაკავებული.

 

მსგავსი თემები