ჰააგის სასამართლო, რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაასრულებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია  და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ფატუ ბენსუდას ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შეხვდა. 

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება.  ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

პროკურორ ბენსუდასთან შეხვედრამდე თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარე ო-გონ კვონს შეხვდა. მხარეებმა  ასამბლეის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობასა და ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება.

მსგავსი თემები