მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკანასკნელი კონცერტი გამართა, რის შემდეგაც ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

„გიოსთვის რაღაცას ყოველთვის თავისი დრო ჰქონდა. ბევრი პროფესია შეიცვალა და დიდი გზა გაიარა ამ ვარსკვლავამდე, თუმცა მთავარი ის არის, რომ ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, იმ ხალხისგან, ვინც აქ არის მოსული და ვინც დააფასა მამაჩემი. მე მეამაყება მამაჩემი და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მოახერხა და გვაგრძნობინა ყველაზე მნიშვნელოვანი – სიყვარული და პატივისცემა“, – განაცხადა ვარსკვლავის გახსნისას მომღერლის ვაჟმა ზუკა ხუციშვილმა.

ჯანმრთელობის პრობლემებზე გიო ხუციშვილი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საუბრობდა:  “არასდროს არაფერი მაწუხებდა, ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულისძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. მე არაფერი მითხრეს, მაიკოს და ჩემს მეგობრებს გაუმხილეს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. შემდეგ წავედით თურქეთში და იმ დღიდან ომში ვარ. არ ვიცი ეს დაავადება სასჯელია თუ გამოცდა ჩემთვის. მთავარია ვიცი, ღმერთი ჩემს გვერდით არის და მარტო არ ვარ. პირველად როცა მარტო დავრჩი თურქეთში პალატაში, სიმარტოვეში მივხვდი რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო გადამარჩინე-მეთქი. უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში, ექვს კვირაში ერთხელ უნდა ვიარო. ზუსტად ვიცი წინ ბევრი ბედნიერი წამი და წუთი მელის”.

მსგავსი თემები