რას გულისხმობს პატიმრების შეწყალების ახალი წესი?

საქართველოს პრეზიდენტის აპარატმა პატიმართა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. საინტერესოა, რას გულისხმობს ახალი წესი და როგორ შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს?

შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს.

შეწყალების უფლების გამოყენებისას, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს:

ა) დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

დ) დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.

შეწყალების სიაში ვერ მოხვდებიან მსჯავრდებულები:

ა) რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;

ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;

ე) რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს შეწყალების საქმეს იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე, იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ახალი წესით, პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

პრეზიდენტს შეუძლია პატიმრის – უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება; შეფარდებული სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ნასამართლობის მოხსნა. ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

პრეზიდენტის განკარგულებაში შეწყალების შესახებ მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე.

თუ პრეზიდენტი არ გამოსცემს შეწყალების შესახებ განკარგულებას კონკრეტულ პირზე – ეს ნიშნავს უარს თხოვნაზე.

განმეორებით მსჯავრდებულს შეუძლია შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს ექვსი თვის შემდეგ.

მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს; ასევე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უარის შემთხვევაში, პენიტენციურ სამსახურს პასუხი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება სასჯელის აღმასრულებელი ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს და აცნობოს პრეზიდენტის სამსახურს.

ახალი წესის თანახმად, იმ პატიმრების შეწყალების საკითხი, ვისი პირადი საქმეებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი ბრძანებულების ამოქმედებამდე, განიხილება თუ ისინი აკმაყოფილებენ წინა წესდების: მე-2 მუხლის მე-2–მე-9 პუნქტებით დადგენილ პირობებს; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობას, რომელზეც გავრცელდება ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.

ხოლო იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე, განიხილება ასეთი თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას, ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესით.

2019 წლის 26 ნოემბრის პრეზიდენტის №556 ბრძანებულების თანახმად, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულება.

პატიმრების შეწყალების წესის ცვლილება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი პატიმარი შეიწყალა, რომლებიც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე იხდიდნენ სასჯელს.

მსგავსი თემები