ხვალ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

“ქართული ოცნების” მიერ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებისა და ოპოზიციის ორკვირიანი ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, ხვალ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას პირველად მიუსხდებიან. შეხვედრის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსია. 

“ქართული ოცნების” გუნდიდან დაანონსებულ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და იურისტთა ნაწილი დაესწრებიან. უცნობია, ვინ მივა მოლაპარაკებაზე ოპოზიციიდან.

ერთადერთი საკითხი, რაზეც ხელისუფლებასთან ოპონენტები საუბარს გეგმავენ, გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული მოდელია. ოპოზიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა იყოს “შეხვედრა შეხვედრისთვის”.

30-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მემორანდუმს მოაწერა ხელი და საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერა დოკუმენტურად დააფიქსირა. ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიასა და ეუთოს გადაეგზავნება. ავტორების თქმით, იმაზე, რომ ცვლილებათა პაკეტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება.

მსგავსი თემები