“რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე” – იენს სტოლტენბერტი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე.

მისი თქმით, ალიანსი ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეზე გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს, თუმცა რუსეთი აგრძელებს შეიარაღების მოდერნიზაციას, რაზე საპასუხოდაც ნატო-მ თავდაცვის გაძლიერება უნდა განაგრძოს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიმართ ნატო-ს მიდგომის შესახებ ალიანსის ლიდერები, ლონდონში 3-4 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრზე ისაუბრებენ.

„დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მიმართ გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ახალ სამხედრო ტექნოლოგიებში, მათ შორის ხდება ბირთვული ძალების შესაძლებლობების გაზრდა და განახლება. რუსეთი არღვევს ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მთავარ პრინციპებს. რუსეთი აგრძელებს ისეთი რაკეტების დისლოცირებას, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. ეს არის რაკეტები, რომლებსაც აქვთ ბირთვული შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინას. ასევე, რუსეთს უნებართვოდ ჰყავს სამხედრო ძალები მოლდოვაში. რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატომ განაგრძოს თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები