ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლმატიური კორპუსი დაესწრება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით,  ხვალ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით,  ერთმანეთს შეხვდებიან.

კობახიძის განცხადებით, შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაიმართება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი და ფორმატი დღეს დაზუსტდება.

„საკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებების. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები