„როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, ყველა თემაზე ვილაპარაკებთ“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნების  შემდეგ მათთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ.

„მე და ჩემმა კოლეგებმა დღეს გავაკეთეთ განცხადება და აღვნიშნეთ, რომ დიალოგის რეჟიმი ყოველთვის არის მისაღები. ეს პროცესი კი მანამდე არ დაიწყება, სანამ ოპოზიციის წარმომადგენლები მიწაზე არ დაეშვებიან და არ მიხვდებიან, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მხოლოდ და მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს და მეტს არაფერს. რეალურად, როდესაც ისინი დაბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმში, ვილაპარაკებთ ყველა თემაზე.  ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ რაც გონებასთან და აზრთან ახლოს იქნება.

მოკლე ექსკურსს გავაკეთებ და ვიტყვი მაგალითად, რომ “ნაცმოძრაობა” გვიპროტესტებს ოკუპაციას, როდესაც მათ დაკარგეს და ჩააბარეს ტერიტორიები. ისინი წავიდნენ მერე ორ თვეში და ხმა მისცეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ „ომი საქართველოს დაიწყო“. ეს „გაუპრავეს“ და ისინი გვიპროტესტებენ ოკუპაციას. ისინი აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე ვადაზე ადრე გადასვლას, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ სხვათა შორის, მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, რომ პროპორცია – 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული შეცვალეს მაჟორიტარების სასარგებლოდ. მემორანდუმს უფორმებდნენ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს, რომ 40 მაჟორიტარით გაეზარდათ და მაშინ ევროპელი კოლეგების მხრიდან ატყდა ერთი ამბავი და ამის უფლება არ მისცეს. ეს ხალხი დღეს აპროტესტებს 2020 წელს რომ ვერ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები