“რას აკეთებთ იმისათვის, რომ თუნდაც სამთვიანი პროგრამით გადაამზადოთ ფერმერები აგრონომიის კურსებზე“ – სიმონ ნოზაძე გიორგი ხანიშვილს

სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადებისა და კოოპერატივებთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის შესახებ დაუსვა კითხვა პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს, რომელმაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა კანონპროექტისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დეპუტატის აზრით, დღეს მთლიანად სოფელში სიტუაცია უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. თუმცა, დეპუტატის აზრით მეტად ორგანიზებული უნდა გახდეს ეს საქმე.

ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, ზოოტექნიკოსების ნაკლებობის შესახებ.

„ძველი აგრონომების ცოდნა მაგალითად მეხილეობაში აღარ ყოფნის. სულ ახალი ჯიშებია შემოტანილი, ახალი სასუქები და წამლებია მიღებული და ახალი ცოდნა სჭირდება. რას აკეთებთ იმისათვის, რომ პროფესიულ სასწავლებლებში, თუნდაც სამთვიანი პროგრამით გადაამზადოთ ფერმერები აგრონომიის კურსებზე. ამზადებთ თუ არა დამხმარე მასალებს, ბუკლეტებს, რომ ჩავიდეთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ვუთხრათ რა არის ეს კოოპერატიული მოძრაობა, კარგად განვუმარტოთ და დავანახოთ ის სიკეთეები, რის მოტანა შეუძლია ამას. და კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია – ბაზარი. ახლა უკვე ქართლში, ქარელისა და ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტებში საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით ხილისას. სად უნდა წაიღონ, როგორ უნდა გაყიდონ, რას დაეხმარება სახელმწიფო ამ პროდუქციის რეალიზაციაში, რას გეგმავთ თქვენ?“ – ჰკითხა სიმონ ნოზაძემ მომხსენებელს.

მსგავსი თემები