“სამწუხაროა მათი გატეხილი თავი, დაზარალებული და ტყუილად გადაყრილი ძალა, შანსი არ აქვთ” – ბიძინა ივანიშვილი

“20 ივნისის ამბოხის მსგავსი რაღაც იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს სამწუხაროდ დაზიანდნენ მოქალაქეები, მაგრამ ამ დღეს მოხდა სახელმწიფო ინტიტუტის დაცვა.

„20 ივნისის შემდეგ გაგრძელდა სამთვიანი აქციები და ნელ-ნელა გაიშიფრა რა უნდათ და რისთვის არიან ესენი ქუჩაში, რას ითხოვენ, რას იცავენ. გამოიკვეთა, რომ მათ პროპორციული არჩევნები არ უნდოდათ, სხვა რამ უნდათ და მარტივი ასახსნელია, რა უნდათ. როგორც ჰქონდათ ბელადისადმი მიმართება, ერთი ერთზე მოგვაწერენ ჩვენ. ჩვენს გუნდში დემოკრატიაა. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება, თუ გარეთ იქნება, და გუნდშიც სწორედ ეს დამოკიდებულება მაქვს. ისევ ნაძარცვი ფულით დარბიან ქუჩაში, ეს არის სირცხვილი. მათ არც პროპორციული უშველით, არც შერეული და არ არანაირი სისტემა. დგანან, ვერაფერსაც ვერ შვებიან, საკუთარ თავს ამჟღავნებენ და აზიანებენ მხოლოდ. დემოკრატიულობას ჩვენ ვიცავთ, გამოხატვის უფლებას ვიცავთ და დავიცავთ მომავალშიც, დავიცავთ სუფთა ხელებით და არა ისე, როგორც ისინი იცავდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სატელიტ პარტიებს არანაირი შანსი არ აქვთ.

„ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ გაჩნდა, რომ მათ ეს აუხსნას. ახლა ტრაგიკული სიტუაციაა, მთელს საზოგადოებას ხომ აწვალებენ. მე არც ის მომწონს, რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ. შანსი არ აქვთ, ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ დღეს არა, ხვალ მოვალ. შანსი არა აქვთ. ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჩაჯდეს, ანალიზი გაუკეთოს, ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი გამოვა. ჩემთვის ესეც დასანანია, არ იფიქროთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც უნდა მოვუხერხოთ და სადღაც უნდა გადავყაროთ, არა, ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ჩემთვის სამწუხაროა მათი გატეხილი თავი, დაზარალებული და ტყუილად გადაყრილი ძალა და ენერგია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები