სტრასბურგში, საქართველოს სიმბოლურ გასაღებს გადასცემენ და ტრამვაი ქართული ანბანით, სტრასბურგს შემოივლის

დღეს, საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაიბარებს.  საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და მას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით უხელმძღვანელებს.

აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს. პროცედურები დღეს სტრასბურგში გაიმართება, რომელსაც საგერეო მინიტრი დავით ზალკალიანი დაესწრება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სწორედ დავით ზალკალიანს გადასცემენ დღეს საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, დღეს, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული. შემდეგ, ქ. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქ. სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი ქ. სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ქ. სტრასბურგში 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ნაციონალური ბალეტის – სუხიშვილების კონცერტი.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საგარეო მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

მსგავსი თემები