საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან დაკომპლექტდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან დაკომპლექტდება. 

მმართველ გუნდს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეცვლა მოუწევს, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელის. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა. მის გარდა, „ქართულ ოცნებას“ დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ნინო გოგუაძისა და სოფო ქაცარავას ჩანაცვლებაც მოუწევს, რადგან ნინო გოგუაძემ უმრავლესობა დატოვა, სოფო ქაცარავამ კი, საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი.

ასევე, მმართველ გუნდს მოუწევს დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის შეცვლაც, რადგან სათადარიგო წევრები იყვნენ ირინე ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას უკავშირდება.

მსგავსი თემები