“სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. 

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა“, – მიმართა ელჩებს ილია მეორემ.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებასა და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„მადლობას მოგახსენებთ თქვენი კეთილი სურვილებისთვის. საქართველო ცხოვრობს მრავალი რელიგიისა და ეროვნების გარემოცვაში. თბილისში ახლოს არის მართლმადიდებელი ეკლესია, მუსულმანური სალოცავი, ებრაული, კათოლიკური და სხვა. მე მახსენდება, ჩვენ გვესტუმრა ორი მოხუცებული აიათოლა ირანიდან და მითხრეს, როცა ხელებს აწევ სალოცავადო, ჩვენც მოგვიხსენეო. ახლა ხელებს ვწევ ღვთისადმი და ვლოცავ მსოფლიოს, რათა მშვიდობა სუფევდეს. ღმერთმა დაგლოცოთ!“ – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მსგავსი თემები