“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წევრები კონსულტაციებს მართავენ

ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წევრები კონსულტაციებს მართავენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს არ შეასრულებს.

“ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის. წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გამოცხადებული ე.წ. გერმანული მოდელი დღეს უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იქნებოდა. ვერ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალებას განგვისაზღვროს როგორ ვიცხოვროთ 2020-ში და 2024-ში,” – განაცხადა ნონო ბურჯანაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრის პაატა დავითაიას ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებს.

“დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ როგორ ვიმოქმედებთ, როგორ გაგრძელდება პიკეტირება. ხელისუფლება როდესაც იყენებს ძალას, უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, მათ არ უნდა გამოიყენონ ეს ძალა, რადგან ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია და პიკეტი. რაც უფრო მეტ ძალას გამოიყენებენ, მით უფრო მძიმე ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავაც ადასტურებს, რომ აქციები მწვავე ფაზაში გადავა და პიკეტირება გაგრძელდება.

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, დღეს გამოცხადება ახალი თარიღი, თუ როდის გაიმართება მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, ასევე ყოველღიური გეგმა გაიწერება.

მსგავსი თემები