პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატების ნაწილი დაამტკიცა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებულ რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გია ვოლსკი გახდა. ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცე-სპიკერი გახდა გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ირაკლი ბერაიამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს.  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე კი, გენადი მარგველაშვილია.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას კი, ხვალ უყრიან კენჭს. ასევე ხვალ უყრიან კენჭს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურას.

აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12 დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.

მსგავსი თემები