“ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით” – დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრა პროდუქტიული იყო და პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს. მისივე ინფორმაციით, ხვალ, 10:00 საათზე შეხვედრა გაიმართება უმრავლესობის ფორმატში.

„შედგა შეხვედრა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მაჟორიტარები, რომლებიც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ამ საკითხის გარშემო ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი, საათნახევარი გაგრძელდა შეხვედრა. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს შეთანხმება უნდა იქნას კიდევ ერთხელ განხილული უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს. სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმება იყო. ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ხვალ 10:00 საათზე შედგება უმრავლესობის სხდომა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები