“მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში, რომელიც იქნება მას შემდეგ, თუ რეფერენდუმი ან პლებისციტი არ დაინიშნა” – აკაკი ზოიძე

“მარტო ჩემს კოლეგებთან არა, მე ხალხთანაც მქონდა საუბარი და მათგან ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, აკაკი ზოიძემ საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ან პრებისციტი 2020 წლის არჩევნების ჩასატარებლად,  საუბრისას განაცხადა.

ზოიძის თქმით, გუნდშიც ჰყავს თანამოაზრეები და დიდი იმედი აქვს, რომ ორშაბათს, სხდომაზე ისინი ამ იდეას ყურადღებას დაუთმობენ.

„გუნდში თანამოაზრეები მყავს და ორშაბათის სხდომაზე სერიოზულ დისკუსიას ველოდები და ვფიქრობ, რომ ჩემს იდეას, კოლეგები დიდ ყურადღებას დაუთმობენ. მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. პროპორციული არჩევნების როგორც მომხრეები,  ასევე მოწინააღმდეგეები მუდმივად აპელირებენ, რომ ხალხის აზრი ასეთია. ვკითხოთ ხალხს აზრი, საბოლოოდ დავასრულოთ სპეკულაცია და ამით ყველაზე წონადი არგუმენტი შევიძინოთ ამა თუ იმ მიმართულებით. თუ რეფერენდუმს ან პლებისციტს შემდეგ, როდესაც შედეგები დაფიქსირდება, თუ ხალხის აზრის წინააღმდეგი ვინმე წავა, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა.

დაპირების თემა არის პრინციპული და სწორედ ამ პრობლემას აგვარებს ეს გამოსავალი. ჩვენ დავანახებთ ხალხს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, ყველაფრის გაკეთების საშუალება იქნება იდეის დაყენება პლებისციტზე და ხალხის თანხმობის მიღება, რომელსაც წინ ვეღარაფერი აღუდგება. არ არსებობს დედამიწის ზურგზე ისეთი მთავრობა, რომელიც ატარებდეს პლებისციტს ან რეფერენდუმს და იმ შედეგების საწინააღმდეგოდ მიდიოდეს. თუ მიდის, ის აუცილებლად ცუდად დაასრულებს. მე ცოტა მიკვირს ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურება, მაშინვე ზოგიერთი ხისტად შეხვდნენ ამ იდეას, ეს კი მაფიქრებინებს იმას, რომ მათ ხალხის აზრი არ აინტერესებთ. მიკვირს ოპოზიციის ორჭოფობა. ერთი მხრივ იძახიან, რომ ხალხის აზრი ისედაც ცნობილია. მოსახლეობის აზრი მაშინაა ცნობილი, როდესაც  კითხავ ადამიანებს და მათგან პასუხს მოისმენ. მეორე იძახის, რომ ვერ მოესწრება. ძალიან კარგადაც მოესწრება, რადგან მაქსიმუმ 2 თვე უნდა ამ ყველაფრის დანიშვნას, 2 თვე კიდეც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერში შეიძლება მარტის ბოლოს, ან აპრილის შუა რიცხვებში დასრულდეს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ზოიძემ განაცხადა, თუ რეფერენდუმი ან პლებისციტი არ დაინიშნა, მას ექნება უფლება ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ეს მხოლოდ მაჟორიტარების ამბოხი არ არის. 

“მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში, რომელიც იქნება მას შემდეგ, თუ რეფერენდუმი ან პლებისციტი არ დაინიშნა, ამ პოლარიზებულ, ვინ უფრო ცუდიას ძახილის პირობებში. ჩემთვის პოლიტიკა არის საშუალება – მივაღწიო მიზანს, და ეს მიზანი არის სასიკეთო რეფორმები ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ და მხოლოდ ნეგატიურ კომუნიკაციაში ვიქნები, მაშინ რაღა აზრი აქვს ჩემს პოლიტიკაში ყოფნას?”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

ცნობისთვის, აკაკი ზოიძე 2020 წლის არჩევნების ჩატარებისთვის „ქართულ ოცნებას“ რეფერენდუმს ან პლებისციტს სთავაზობს.

მსგავსი თემები