“მოვუწოდებ ყველას საარჩევნო კოდექსზე მუშაობა გაგრძელდეს” – სალომე ზურაბიშვილი

“დაპირისპირების დრო არ არის და მოვუწოდებ ყველას პარლამენტში, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს ყველას, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა გაგრძელდეს.

„დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გადის მისთვის უკვე ჩვეულებრივ გამოცდებს, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. კიდევ ერთხელ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ; ჭარბობს შური და ღვარძლი, რაც ესოდენ ასუსტებს სახელმწიფოს და მხოლოდ მტერს თუ გაახარებს. დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა.

მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას, დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს.

მინდა მოვუწოდო ყველას პარლამენტში – იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას. და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. 

მსგავსი თემები