“ქართულ ოცნებაში” პარტიული დისციპლინის შემოღებაზე იმსჯელებენ

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში” პარტიული დისციპლინის შემოღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები იწყება. „პარტიული დისციპლინა“ – ეს არის მმართველი პარტიის ახალი ინიციატივა, რომელზეც გუნდი მუშაობს. ​დეპუტატები გარკვეული სანქციების შემოღებასაც არ გამორიცხავენ.
​ამ საკითხზე მსჯელობდნენ პოლიტიკური ლიდერები შეხვედრაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდნენ.
​როგორც „პარტიული დისციპლინის“ ავტორები განმარტავენ, „ქართული ოცნების“ წევრებმა გარკვეულ საკითხზე შეხედულება, რომელიც პარტიულ საქმიანობას ან მის წევრს ეხება, ჯერ გუნდში უნდა შეათანხმონ და საჯარო განცხადება ამის შემდეგ გააკეთონ.
როგორ და რა მეთოდით აპირებს მმართველი პარტია ამის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია. დეპუტატების განცხადებით, ეს აქტიური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება. განსაკუთრებით მკაცრად შეფასდება ის შემთხვევა, როდესაც შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდება და მისი ავტორი და ადრესატი ერთი და იმავე გუნდის წევრები იქნებიან.
დეპუტატების თქმით, საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რამდენიმე დეპუტატმა პარტიული დისციპლინა დაარღვია.

მსგავსი თემები