„დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო კლანის წევრ მოსამართლეებთან“ – ლევან კობერიძე კოლეგებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენელი კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, მოსამართლეების საკითხის კენჭისყრისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კლანის წევრს მოსამართლეებთან მარტო დატოვონ. აღნიშნული განცხადება ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ახლა, პარლამენტში დაიწყება მოსამართლეების დამტკიცების საკითხი. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, და მე თავადაც ამის გაკეთებას ვაპირებ, რომ დარბაზში, როცა ეს საკითხი დადგება და დაიწყება მოსამართლეების კენჭისყრის პროცედურები, ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ კენჭისყრას, „ქართული ოცნება“ უნდა დავტოვოთ მარტო იმ კლანის მოსამართლეების პირისპირ, ვის არჩევასაც და ვის სისტემაში დაკანონებასაც ისინი უკანონოდ აპირებენ. ისინი უნდა დარჩნენ მარტო იმ კლანთან, ვისაც ისინი გაურიგდნენ და თვითონ, მარტო აიღონ პასუხისმგებლობა და დაამტკიცონ ეს მოსამართლეები“ – განაცხადა ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, თუ დეპუტატები დარბაზში დარჩებიან, მოსამართლეებს მხარი რომც არ დაუჭირონ, პროცესი დემოკრატიულად ჩაითვლება.

„სხვა შემთხვევაში, ნებით თუ უნებლიეთ, თუ „ქართული ოცნების“ არაწევრი დეპუტატები კენჭისყრისას დარბაზში იქნებიან, მოსამართლეებს მხარი რომც არ დაუჭირონ და გააპროტესტონ,  საბოლოო ჯამში, ეს გაფორმდება როგორც დემოკრატიული პროცესი  და მწვავე განხილვების ფონი, რაც უნდა „ქართულ ოცნებას“. ამიტომ  ვამბობ, გამოვუცხადოთ ბოიკოტი და დავტოვოთ „ქართლი ოცნება“ მარტო ამ მოსამართლეებთან“ – განაცხადა ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.     

მსგავსი თემები