საქალაქო სასამართლოსთან “ლელოს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქალაქო სასამართლოსთან საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები შეიკრიბნენ და 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

“ლელოს” სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლნი არიან.

“ლელოს” წევრებს სიმბოლურად, ხელები ყვითელი შარფებით ჰქონდათ შეკრული.

“სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ხედავთ, აქ სიმშვიდეა, თითქოს არაფერი მომხდარა. გასუსულები არიან, თითქოს ეს არ არის ის უწყება, რომელმაც გუშინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაატყვევა, ყოველგვარი კანონიერი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მორიგ ჯერზე, სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე, არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“ლელოს” სპიკერმა ისაუბრა იმაზეც, რომ 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების საქმის განხილვაზე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა, რაც სისტემის კრიზისზე მიუთითებს. 

“წლებია თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გუშინ აქ არეულობა იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ეს საქმეები განეხილა. სისტემა კრიზისშია, რადგან არ იცის, როგორ იპოვოს მორიგი მონა, რომელიც დაატყვევებს ჯგუფს იმ ადამიანებისა, რომლიც იბრძვის სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი თემები