“დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის” – ევროკავშირის ელჩი

“დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი იმართება, სახელწოდებით „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.

ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დეზინფორმაცია წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის.

„ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები. მათ კარგი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის გასაცვლელად. ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. ეს რეალური გამოწვევაა. ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუმცა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში, რათა ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდეთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თბილისში, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი იმართება, სახელწოდებით „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.

მსგავსი თემები