„ბოთლიდან „ჯინი“ ამოვუშვით, რომლის უკან ჩაბრუნება არ გამოვა“ – ზვიად ძიძიგური მმართველი გუნდის შეცდომაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კაბინეტს დღეს დაცლის. მან, პოლიტიკურ თანამდებობაზე უარი მაშინ თქვა, როცა საპარლამენტო  უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო. „კონსერვატორი“ ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ როგორც „ჯინის“ ბოთლში ჩაბრუნება ძნელია, ისე არ გამოვა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პარლამენტში შებრუნება.

„იმ გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით მიიღო, ბოთლიდან „ჯინი“ ამოვუშვით, რომლის უკან ჩაბრუნება  არ გამოვა. ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. ის, რაც მოხდა, ქვეყნისთვის, მმართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული და შემდგომი პროცესები, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახება. მან ინ ინიციატივაზეც ისაუბრა, რასაც მაჟორიტარი დეპუტატები აყენებენ, საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე.

„ეს იყო ზიანის მომტანი გადაწყვეტილება. ინიციატივები, რომელიც  მარჯვნიდან თუ მარცხნიდან გვესმის, სწორედ ამ პროცესის შედეგია. ვფიქრობ, ეს მალე არ დამთავრდება. პოლიტიკური სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი აქტივობებიც გამოჩნდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. როგორ შეიძლება, მე ვიყო მაჟორიტარობის მომხრე. ჩვენთან, ერთადერთი გზა, როცა უნდა განვითარდეს პარტია, არჩევნებია. ამიტომ, მიმაჩნია,  რომ  პროპორციული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის იყო საუკეთესო გამოსავალი. ეს ვარიანტი, ვფიქრობ, არ არის  მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის დღის წესრიგის თემა და შესაბამისად, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არც დაბრუნდება“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები