„პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს საქმე, გამოსავალი რეფერენდუმია“ – საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მანამდე კი აღნიშნული მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს და პასუხს ელოდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.    

„ქვეყანაში შექმნილია მძიმე პოლიტიკური ვითარება. პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვ საქმე. ერთ-ერთი გამოსავალი რეფერენდუმის დანიშვნაა, უნდა ვკითხოთ ხალხს, რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს, პოლიტიკაში არის რყევები, რომელიც აზარალებს არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოსაც. ჩვენ რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, საუკეთესო გამოსავალია რეფერენდუმი“ – განაცხადა ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, სარეფერენდუმო კომისიას გუშინ მიმართეს, პასუხს კი 30 დღის ვადაში ელოდებიან.

„გუშინ, ჩვენმა ორგანიზაციამ მივმართეთ სარეფერენდუმო კომისიას რომ ჩატარდეს ამ საკითხზე რეფერენდუმი. კითხვა იყო შემდეგი – თანახმა ხართ თუ არა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით. ერთი თვის ვადაში გვეტყვის პასუხს კომისია და შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ. საჭიროა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა“ – განაცხადა ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება პროცედურებს, იმ შემთხვვაში, თუ სარეფერენდუმო კომისია ინიციატორებს მოთხოვნას დაუკმაყოფილებს, დაიწყება ხელმოწერების შეგროვება. ამის შემდეგომ კი რეფერენდუმის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

„კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ამიტომ, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ვწყვეტთ, აზრი უნდა ვკითხოთ ხალხს. ჩვენ 200 000 ხელმოწერის შეგროვება არ გაგვიჭირდება და ეს, ერთხელ უკვე გავაკეთეთ, როცა საკითხი ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას ეხებოდა. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, რეფერენდუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს“ – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა გარანტია გაქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდება, ტომარაძემ ასე უპასუხა: „რეფერენდუმის კანონი თვითონ გვეუბნება, რომ რეფერენდუმი ტარდება მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. პრეზიდენტს, არანაირი სამართლებრივი არგუმენტი ექნება, რომ არ დანიშნონ რეფერენდუმი. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი.“

შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფის პარალელურად და საწინააღმდეგოდ, ხელმოწერების შეგროვებას მაჟორიტარი დეპუტატებიც იწყენებ. მათი მოთხოვნა არა პროპორციული, არამედ სრულიად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა.

მსგავსი თემები