ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.  მისი თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება. 

„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და  ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. რამდენიმე დღეში ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება-სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გაზი რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება,” – განაცხადა კახა კალაძემ

პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

მსგავსი თემები