„ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ… ვიცოდით, რომ გარკვეული რყევები იქნებოდა გუნდშიც, ქუჩაშიც“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას აცხადებს, რომ  მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერს შეთანხმებია და პირობა არ მიუცია. 

„ეს ქვეყანა არაა საცდელი ობიექტი. როცა, გვქონდა პრეტენზია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მთავარი კითხვა იყო, როგორ ავიცილოთ ის რისკი თავიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში – არასტაბილურ გარემოს და არამყარ მთავრობას, რყევადს და ამორფულს. პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი: თურმე ჩვენ დავპირდით. მინდა გითხრათ, რომ მე არავის არაფერს არ დავპირებივარ, და არც “ქართული ოცნება” არ დაპირებია. თუ დაპირდა, დაპირდა მაშინ ხალხს, ხალხი თვითონ ჩათვლის იყო ეს დაპირება და ეს უნდა შესრულებულიყო, თუ არა. შესაბამისი განაჩენი, დადგება მაშინ, როცა იქნება არჩევნები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე შეფასებით, სამივე სისტემა – პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული არის ყველა დემოკრატიული, თუმცა გასათვალისწინებელია პოლიტიკური კულტურა და არსებული რეალობა. მისი თქმით, სარკისებურად არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ შეიძლება იყოს გადმოტანილი.

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ პირადად ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას და ეს არაერთხელ დაუფიქსირებია: „2016 წელს, როცა მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის კანდიდატი ვიყავი და საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი,  გავაკეთე კიდეც საჯარო განცხადება და საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ვთხოვე, რომ პროპორციულ სიაში არ შევეყვანე და მე შევიდოდი პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის მიერ პირდაპირი არჩევის წესით “. 

დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები, როგორც თავად აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ქვეყნისათვის გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ და კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანა უკვე 2020 წლისათვის უნდა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, შეგნებულად არ დაუჭირეს მხარი.  

„კანონპროექტი აბსოლუტურად შეგნებულად დავამუხრუჭეთ, რადგან ამაში რეალურ საფრთხეებს ვხედავთ. ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცხოვრობდეს სტაბილურად, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი მთავრობა. ამ რეალობაში, ამ პარტიულ ველზე კი, რა თქმა უნდა, ეს ყველა პირობას იძლევა იმისათვის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, თავად პარტიული ველიც აბსოლუტურად არ არის მზად დღეს პროპორციული სისტემისთვის.

„დღეს აბსოლუტურად არათავსებადი იდეოლოგიის მქონე პარტიები არიან ერთად, რომლებიც უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ ერთ განცხადებაზე, ერთ ქმედებაზე. მათი მხარდაჭერაც საზოგადოებაში, ხედავთ რა იყო. რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, დაახლოებით 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. მე გადავხედე სტატისტიკას და 12 პარტიას ერთად აღებულს, რომელიც ხარჯავს დაახლოებით 10 მილიონს, რეიტინგი ანუ მხარდაჭერა მოსახლეობაში აქვს არც მეტი არც ნაკლები 1%. ახლა წარმოიდგინეთ კოალიციური მთავრობა – პრორუსული, პროევროპული და, შესაძლოა, ამ კოალიციაში მოხვედრილი მცირე, თუნდაც ერთკაციანი პარტია გახდეს მაშანტაჟირებელი და მოითხოვოს, მაგალითად, რომელიმე მინისტრის პორტფელი. ამ დროს თუ მას უარს ეუბნებიან, აქ ხდება მთელი ამბავი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი თემები