„14 ნოემბერს, „ოცნებამ“ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ დესტაბილიზაცია ხალხის ინტერესებში არ შედი“ – გია ჟორჟოლიანი

„ოცნებამ“ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და თავის დაპირებაზე თქვა უარი.  არადა, რამდენიმე თვის განმავლობაში, გამუდმებით პროპაგანდა მიმდინარეობდა, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდიოდით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ უარყვეს, ვინც მის პროპაგანდაში მონაწილეობდა“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, დესტაბილიზაცია და ესკალაცია ხალხის დაკვეთა არ არის.

„დესტაბილიზაცია და დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტა მხოლოდ მის ინტერესშია, ვისაც ესკალაცია და არეულობა უნდა. დესტაბილიზაცია ხალხის ინტერესში არ არის. რაც შეეხება,  გუშინდელ დღეს, ცხადია, რომ პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტა მხოლოდ ზოგადი არეულობა არ არის და ეს ყველა ადამიანზე იქონიებდა გავლენას.  მისაღებია გადაწყვეტილებები, მისაღებია ბიუჯეტი და ასე შემდეგ, რომელიც ხალხის ცხოვრებაზე ზემოქმედებას ახდენს“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატი სახელმწიფო დაწესებელებების ბლოკირებას შეცდომად აფასებს და ამბობს, რომ  ხელისუფლების თუ ვითარების შეცვლა მშვიდ ვითარებაში უნდა მოხდეს.

„დაუშვებელია იმ დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და საყოველთაოდ, ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავამართლოთ „ქართული ოცნების“ მოქმედებები. პირიქით, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ ეს ვითარება, თუ ჩვენ გვინდა რომ შეიცვალოს ხელისუფლება, თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ცხოვრება, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდ ვითარებაში. ხალხთან საუბარს და სერიოზული საკითხების განხილვას აქვს მნიშვნელობა.  კინკლაობას, დესტაბილიზაციას, ესკალაციას მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალებისთვის მოაქვს დადებითი შედეგი, რომლებიც დღეს პოლიტიკის სცენაზე ყველაზე აქტიურად წარმოდგებიან. ეს არის ორი ძალა, ერთი მხრივ „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი თემები