„უმრავლესობა რომ არ დაიშალოს, მმართველ გუნდში ვრჩებით“ – „მრეწველები“ უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძის განცხადებით, „მრეწველები“ საპარლამენტო უმრავლესობას იმ მარტივი მიზეზით არ დატოვებენ რომ უმრავლესობა არ დაიშალოს და უმართავი პროცესები არ დაიწყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრების დეტალებიც გაიხსენა.

„ბატონი ბიძინა დაჟინებით მოითხოვდა, მხარი დაგვეჭირა პროპორციული სისტემისთვის. მას იმედი ჰქონდა, რომ კანონპროექტი გავიდოდა. მაშინ, სიტყვით გამოვედი და ვთქვი, რომ მე პროპორციულს დავუჭერდი მხარს. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილს ასევე მივმართე, რომ, ასე თუ არ მოხდა, თქვენ, როგორც გუნდის ლიდერმა, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ უმრავლესობა არ დაიშალოს და ქვეყანაში უკონტროლო პროცესები არ განვითარდესმეთქი. მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობის დაშლით მძიმე სამთავრობო კრიზისი დაიწყებოდა“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ „მრეწველები“ უმრავლესობას სწორედ ამ მოტივით არ დატოვებენ.

„ამ შემთხვევაში, მხარს ვერ დავუჭერ უმრავლესობის დაშლას. ბიძინამ კითხვა შემომიბრუნა და მითხრა რა გზას ხედავ, რომ უმრავლესობა არ დაიშალოსო. მე ვუთხარი, მოდით, საკითხი დავაყენოთ თავისუფალ კენჭისყრაზე. სხვა შემთხვევაში,  უმრავლესობა დაიშლებოდა“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

სიმონ ნოზაძის შეფასებით, დღეს, „ქართული ოცნების“ რეპუტაცია შელახულია.

„მე მინდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენი პარტია ამისთვის მზად იყო და გაცილებით ხელსაყრელი პირობები გვექნებოდა იმისათვის რომ პარლამენტში შევსულიყავით. რადგანაც კანონპროექტი ჩავარდა,  ეს უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. იმის გამო რომ კანონპროექტი ჩავარდა, „ქართულ ოცნებას“ რეპუტაცია შეელახა, ამის გამო ქვეყანას, როგორც იტყვიან,  ნაბან წყალს  ნუ გადავაყოლებთ. ქვეყანაში უმართავ პროცესებს ვერ დავიწყებთ“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები