მზადება აქციისთვის – ოპოზიცია მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადება

მზადება აქციებისთვის. პროტესტის მეოთხე დღეს ოპოზიცია მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადება. ოპოზიციური სპექტრი თითქმის სრული შემადგენლობით მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის წინ ელოდება.

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ყვითელი ავტობუსები დგას, რომლებშიც პოლიციელთა ნაწილი ზის.

“ლელო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პარლამენტამდე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მივლენ.

თბილისისკენ რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ ოპოზიციის მხარდამჭერები.

“ხალხის დაკვეთაა, რომ ივანიშვილი წავიდეს არჩევნების გზით, როგორც ნორმალურ, დალაგებულ, კულტურულ ქვეყანას ეკადრება. ივანიშვილი ებღაუჭება ხელისუფლებას. პროპორციული სისტემა სინამდვილეში იყო გზა ამ ცვლილებისა ცივილიზებულად. ივანიშვილმა თქვა ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომ დღეს აუცილებელია შთამბეჭდავი რაოდენობა გამოვიდეს ქუჩაში და ამავე დროს განხორციელდეს საერთაშორისო ზეწოლა,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.

სამოქალაქო პლათფორმის “სირცხვილიას“ წევრი, გიგა მაქარაშვილის შეფასებით, კარგია რომ ოპოზიციონერმა პარტიებმა შეთანხმება მოახერხეს.

“მშვიდობიანი მესამე ღამე გავათენეთ აქციაზე ყველამ ერთად. დაემატა კარვები. მზიანი დღის ფონზე გვითხრეს, რომ ბევრი რეგიონიდან უკვე წამოვიდა ჩვენი მხარდამჭერები. ძალიან კარგია, რომ მოხერხდა ოპოზიციონერი პარტიების კონსოლიდაცია. მათი მხარდამჭერები დიდი ალბათობით იქნებიან დღეს წარმოდგენილი აქციაზე. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად გვაქვს იმისთვის, რომ 3 საათზე ძალიან ფართომასშტაბიანი აქცია დავიწყოთ. გაჟღერდება კიდევ ერთხელ, ჩვენი მოთხოვნები,” – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მსგავსი თემები