“კანონპროექტს ემინემიც მხარს უჭერდა და ეს დაჩი რა გახდა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი 13 დეპუტატის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, თუ ჯერ კიდევ დარჩა პარტიაში ღირსების მქონე ადამიანი, უნდა დატოვოს გუნდი.

“მგონი, ის დროა პარლამენტში შეიტანო ხინკალი, ლუდი და ნარდი. კომპიუტერული ტექნიკა ამ დაწესებულებას არ სჭირდება აწი. აბი გლუკოზას შეტანაც შეიძლება პირადად კობახიძისთვის. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, თამარ ჩუგოშვილი იქნება ეს თუ სოფიო ქაცარავა, ამ ადამიანებს “ქართული ოცნება” დაატარებდა მთელ მსოფლიოში და მაღალი რანგის უცხოელებთან ასაუბრებდა იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები, ესაა უკვე შემდგარი ფაქტი. შესაბამისად, მათ უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა მიიღეს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ როგორც პიროვნებებმა. ეს აღმოჩნდა წითელი ხაზი. თუ ნორმალურ ადამიანს შუბლის ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, რა თქმა უნდა, ასე მოიქცეოდა. თუ კიდევ დარჩა იქ ღირსების მქონე, თუ გონია, რომ ღირსება აქვს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. 

ბიძინა ივანიშვილი დღესაც გვიცხადებს, რომ ის მხარს უჭერდა ამ პროექტს, ამასთან, ხელისუფლება, ოპოზიცია, უცხოელები მხარს უჭრედნენ. გუშინ როგორც მიშა მშვილდაძემ მითხრა, ემინემიც მხარს უჭერდა ამ პროექტს და დაჩი ბერაიამ ჩააგდო”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ამ მოვლენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სიტყვამ ფასი დაკარგა.

“თავიდანვე ვიცოდით, რომ ოქრიაშვილი ამ აზრზე იყო, მაგრამ დანარჩენების აჯანყება აბსურდულია. წლების განმავლობაში ამ ადამიანებს ღილაკზე თითის დაჭერის მეტი არაფერი უკეთებიათ და ახლა პრინციპული საუბარი გამართეს ბიძინა ივანიშვილთან. მან კი ვერაფრით შეძლო ამ დეპუტატების დარწმუნება. ეს საშინელება უნდათ, რომ გვაჭამონ ყველას. ბუნებრივია, ამის არავის სჯერა და ივანიშვილის სიტყვაც განულდა. არაადეკვატური იყო მისი წერილიც, სადაც ის კიდევ ერთხელ გამოვიდა “გარანტად”, რომ 2020 წელს დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. დიდი ბოდიში, მაგრამ მას შემდეგ, რაც დილას შეპირდი და საღამოს გადააგდე, მეორე დილას ახალ პირობას დებ, ვის სჯერა ამის?!”, – აცხადებს ხუხაშვილი.



მსგავსი თემები