“უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის” – გია ვოლსკი

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე წუხილი გამოითქვა, რომ პარტია 12-მა წევრმა დატოვა. ამასთან, მისი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. გერმანულ მოდელზეც.

„ეს მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს და განხილვა ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ამას ჩვენი კონსტიტუციონალისტები უფრო დეტალურად აგიხსნიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც.

„საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზეც, რაზედაც გუშინ პრემიერ-მინისტრსა და ბიუროს შორის შეხვედრა გვქონდა, დეტალები გავარჩიეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამები და ამასთან დაკავშირებით იქნება კიდევ დამატებითი საუბარი. უმრავლესობის რიგებში მყოფმა ექიმებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ასევე საუბარი იყო, ცხინვალში უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმზეც. ამ საკითხზე განცხადება იქნება და ამასთან დაკავშირებით მოკლე მიმოხილვა იყო, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რომ ეს ადამიანი ოკუპანტების ხელიდან დავიხსნათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები