„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეხლა-შემოხლა გრძელდება

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ოფისის მიმდებარედ პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ადგილზე ისმის სასტვენების ხმა და განგაშის სიგნალი.

“რატომ მოგვატყუეთ, მონებო” – მიმართავდნენ აქციის მონაწილეები ოფისში შემსვლელ დეპუტატებს, მათ შორის ლერი ხაბელოვს, რომელთანაც მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ აზრი მშვიდობიანად გამოხატონ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

„როგორც ხედავთ, აქ გარკვეული ძალები ახდენენ პოლიციის პროვოცირებას. შესაბამისად, დავიცავთ წესრიგს. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პროტესტი შეუძლიათ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ, მაგრამ არ შეიძლება შენობის შესასვლელების პიკეტირება. შენობას აქვს შესასვლელები და ცდილობენ, მოახდინონ მისი პიკეტირება“, – განაცხადა სირაძემ.  

მსგავსი თემები