“საკუთარ თავს “ქართულმა ოცნებამ” ხარაკირი გაუკეთა” – ეკა ბესელია

“პირადად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე ამხელა ტვირთი რომ აიღო, ამას რით გაანეიტრალებს, ვერ წარმომიდგენია” – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების თაობაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით, “ქართულმა ოცნებამ” როგორც ქვეყანას, ისე საკუთარ პარტიას ზიანი მიაყენა. 

“როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, უარყოფითად გაფასებს და აკრიტიკებს ქვეყანას, ამით ქვეყანასაც აყენებ ზიანს. საკუთარ თავს “ქართულმა ოცნებამ” ხომ ხარაკირი გაუკეთა”, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქციებმა არაკონსტიტუციური სახე არ მიიღოს თუმცა, ჯგუფები, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშ, შესაძლოა, მათ არ დაემორჩილონ.

„სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირს და პარლამენტის ტერიტორიას დიდი გამოცდილება აქვს ხანგრძლივი ბრძოლის და აქციების, როდესაც პროტესტი კულმინაციურ პროცესს აღწევს. რუსთაველზე აქციები გვახსოვს არა კვირების, არამედ თვეების და წლების განმავლობაში, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უძლებდა და ის უშვებდა ფატალურ შეცდომებს, რომელიც შემდეგ სრულდებოდა ყველა შემთხვევაში მისთვის ტრაგიკულად. თუ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა წარსულს დაემსგავსოს, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით და იგივე არ გაიმეოროს, მაშინ უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და არ გამოსცადოს ხალხის მოთმინება. ასე გამოცდა საკუთარი მოქალაქეების სახიფათოა, რისკის მატარებელია. ჩვენ პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქციებმა არ მიიღოს არაკონსტიტუციური სახე, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობენ ამ აქციებში და სულაც არ არიან პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშ, შეიძლება არ დაემორჩილონ არავის. ხელისუფლებას უპასუხისმგებლოდ მოქცევის უფლება არ აქვს”,-განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები