„ბიუჯეტი ჩავარდება, მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი,  „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. როგორც ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებელია, რაც ვერ დამტკიცდება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

„არჩევნებისთვის მომზადებას სჭირდება დრო. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” რაც გააკეთა, გააკეთა თავის სასიკეთოდ, რადგან  დააჩქარა პროცესები. დღეს მხოლოდ რამოდენიმე პარტიაა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად – “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნება” და ხაზარაძე თავიანთი ფულადი და მედია რესურსებით. სხვა პარტიები გარკვეული თვალსაზრისით თუ მიეკედლებიან მათ მოწყვეტილნი იქნებიან პოლიტიკური პროცესისგან. ვადამდელი არჩევნები სწორედ იმ ძალების ინტერესებში შედის, ვის უკანაც დიდი ფული დგას“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების წინაპირობას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყველა წინაპირობა სახეზეა.

„შეიქმნება ანტურაჟი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ვადამდელი არჩევნები, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაინიშნება  ვადამდელი არჩევნები. „კონსერვაროტებმაც“ დატოვეს „ქართული ოცნება“ თუ ბიუჯეტი ჩავარდება ეს გახდება მთავრობის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველი. ეს არის ჩვეულებრივი კარგად გათვლილი სცენარი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

დეპუტატი პოლიტიკურ კრიზისზეც საუბრობს, და ამბობს, რომ  კრიზისი უკვე სახეზეა: „ჩემი გადმოსახედიდან, ეს იყო ორკესტრირებული პროცესი. თუ ასე არ არის და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეს იმას  ნიშნავს, რომ ქართული ოცნება დაშლილია. თუ  ისინი პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ, ესე იგი, „ქართულ ოცნებას“ ავტორიტეტი არ აქვს. ვიმეორებ, ბიუჯეტი მისაღებია. თუ დეპუტატები ტოვებენ „ოცნებას“, ბიუჯეტი ჩავარდება, დადგება მთავრობის ნდობის საკითხი. ვერ მიიღებს ეს მთავრობა ნდობას და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები