შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა „კონსერვატორებმაც“ დატოვონ

„საპარლამენტო უმრავლესობას“ საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და კოლეგების გადაწყვეტილებას პოლიტიკური თანამდებობისა და მმართველი გუნდის დატოვების შესახებ, ნაჩქარევ, ემოციურ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„გვქონდა კონსულტაციები ჩვენს თანაგუნდელებთან, ვინც გააკეთა განცხადება უმრავლესობის დატოვების შესახებ დატოვეს თანამდებობები. ისინი არიან ჩვენთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანები, რომლებიც გუნდისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ. ეს იყო ნაჩქარევი, ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. ხვალ, „კონსერვატორები“ აკეთებენ განცხადებას და ძალინ სამწუხარო იქნება, თუ ისინიც გამოგვაკლდებიან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშლება: „საპარლამენტო უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არანაირი საფრთხეზე უმრავლესობის დაშლისა არ არსებობს. ამ ეტაპზე, უმრავლესობაში არის 104 ადამიანი. ვისაც არ მოგვეწონა ეს გადაწყვეტილება, ყველამ რომ დავტოვოთ საპარლამენტო თანამდებობები, ეს გამოვა პასუხისმგებლიანი გადაწვეტილება?“ – კითხულობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს 8 დეპუტატმა დატოვა. “ქართული ოცნება – კონსერვატორები” კი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაშია.

“მედიაცენტრი მთავარი” “კონსერვატორების” ერთ-ერთ ლიდერს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

მსგავსი თემები