ხორავას ქუჩის საქმეში ფიგურირებენ ქალები, რომლებიც მკვლელს ხელს აფარებენ – ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 6 თვის წინ მოკლული მოზარდის დავით სალარიძის მამა, ზაზა სარალიძე  აცხადებს, რომ საქმეში ფიგურირებენ ქალები, რომლებმაც იციან მკვლელის ვინაობა და გამოძიებას დაუმალეს. ესენი არიან, ამჟამად დაკავებული მირზა სუბელიანის მეუღლე და არასრულწლოვანი მიხეილ კალანდიას ბებია.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, მის მიერ გამოძიებისთვის ჩამოთვლილ პიროვნებებს შორის ზოგი არასრულწლოვანია და ამიტომ მათი სახელების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს.

“როდესაც მირზა სუბელიანი ​კალანდიების ოჯახში მივიდა, იქ მანამდე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი. რამდენიმე საათის შემდგომ მირზა სუბელიანმა თავისი შვილი საგამოძიებო უწყებაში წარადგინა ჩვენების მისაცემად. მირზა სუბელიანმა თუ ნახა ეს მკვლელი, საზოგადოებას მინდა ვკითხო და პირადად შს მინისტრ გახარიას, – სუბელიანის შვილმა არ დაფარა დანაშაული? მაგრამ ის არ არის დაკავებული ამ საქმის ორგანიზატორობისთვის. მისმა მეუღლემ ძალიან კარგად იცოდა მკვლელი ვინ იყო, რატომ არ არის დაკავებული მისი მეუღლე, რომელმაც ნახა ასევე ეს ადამიანი, იცოდა მკვლელი იყო და გამოძიებას არ შეატყობინა. ასევე, არის კიდევ ერთი ქალბატონი, მიხეილ კალანდიას ბებია, რომელმაც იცოდა მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა პოლიციას”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

შვილმოკლული მამა ვერც მერაბ მორჩაძის დაკავებაში ხედავს გამოძიების წინსვლას და აცხადებს, რომ მერაბ მორჩაძე, რომელიც ახალ აღმოჩენად ჩათვალა შსს-მ, სამწუხაროდ მისთვის აღმოჩენა არ არის.

აღსანიშნავია, რომ მერაბ მორჩაძე გუშინ, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი თემები