„ბიძინა ივანიშვილთან მძიმე საუბარი მქონდა, თუმცა, კორექტულობის ზღვარი არ გადალახულა“ – დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრის დეტალებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მძიმე საუბრის მიუხედავად, კორექტულობის ზღვარი არ გადალახულა.

„ძალიან მძიმე საუბარი მქონდა. რამდენიმე საათის წინ შევხვდი. მან ვერ დამარწმუნა მე და ვერც მე დავარწმუნე ის. ჩვენ დღეს ვიყავით იმდენი, რომ ჩაგვეგდო ეს საკითხი. თქვენ მომსწრე იყავით, რომ მე გავაკეთე განცხადება, რომ  მე არ მინდოდა, აქტის წინაშე დამდგარიყო დარბაზი, უმრავლესობის უმრავლესობა და ვითხოვე საკითხის გადადება. მე გავუფრთხილდი საკუთარ გუნდს. ვფიქრობ, რომ ხვალ შედეგი,  რეალური დადგება, საუბარია ჩემი პოზიციის დადასტურებაზე.  თუმცა, გარანტირებულად არ შემიძლია ამისი თქმა, რადგანაც ბატონი ბიძინაც ხვდება თოთოეულ დეპუტატს. ბატონი ბიძინაც მუშაობს დეპუტატებთან“- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე შეფასებით, თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რაც მას სწორად მიაჩნია, ის გუნდს პრობლემებს არ შეუქმნის და მანდატს დატოვებს.

„რაოდენობა ცვალებადია. მე მაქვს გუნდის წინაშეც პასუხისმგებლობა, მე არ უნდა შევუქმნა გუნდს პრობლემები. თუ ხვალ შედეგი ვერ დადგა, მაშინ, მე დავტოვებ უმრავლესობას და მანდატს. მე თუ წავალ, წავალ და არ ვარ ის ადამიანი, სახე რომ არ შევინარჩუნო და წასვლის შემდეგ ქვებს რომ ისვრიან, ყვებიან შიდა საუბრებს და შემდეგ ეძებენ თავისუფალ ადგილს, სად ჩამოჯდნენ. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მძიმე საუბარი იყო, მაგრამ არავითარი კორექტულობის ზღვარი არ გადალახულა.  მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მისი მხრიდან ვხედავ ჩემდამი პატივისცემას. ერთი უხერხულობა მაქვს, რომ ჩვენ საერთო პოზიციაზე ვერ ჩამოვყალიბდით. მე მას მარტო პოლიტიკაში არ ვიცნობდი და აქ არ გამიცვნია. მას უყვარს პრინციპული ადამიანები, მაგრამ მას აქვს თავისი ხედვა, მე კი ჩემი.  სამწუხაროდ, აქ თანხვედრა ჩვენ არ გვაქვს. არანაირი ძალადობა არ ყოფილა(უმრავლესობის დატოვებაზე), თორემ მე ამას ვიტყოდი. ეს არის შეხედულებათა დაპირისპირება და არა პიროვნული. მე ვმუშაობ და ვხედავ, რომ ჩემი გუნდის წევრები, ამ შემთხვევაში სხვა აზრის, ისინიც მუშაობენ. ეს არის ნორმალური პროცესი. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა მიდიოდეს ასეთი პროცესი, თუნდაც ცხელი. ჩვენ, თანამოაზრეებმა, შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელსაც ხვალ უმრავლესობას წარვუდგენთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, ეს არის მყარი გადაწყვეტილება. კანონპროექტის ჩავარდნა შექმნის დაძაბულობას, მაგრამ პირობას დაუდებს სტაბილურობას და ძლიერ მთავრობას“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას უმრავლესობიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვა.

მსგავსი თემები