“მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას, ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში” – ირაკლი შიოლაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა, სადაც პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.

„მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში, როგორც მან ვერ დამარწმუნა, ამ კანონპროექტს რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

ირაკლი შიოლაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვა გაგრძელდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

მსგავსი თემები