“გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან ნიშნულს” – ირალი კობახიძე

“ყველა სისტემას აქვს უარყოფითი და დადებითი მხარეები”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აღინიშნა და ამ მოცემულობით უნდა გადაწყდეს, რომელი სისტემა სჯობს.

„გუშინ ჩამოვთვალე უარყოფითი მხარეები, დღეს ჩამოვთვალე დადებითი. მთავარია, საბოლოო ჯამში ავწონ-დავწონოთ, საით არის მეტი უპირატესობა და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, რა თქმა უნდა, მეტი რისკების შემცველია, ვიდრე იქნებოდა თუნდაც 2024 წლისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ უნდა დავდოთ შესაბამისი შედეგი. როდესაც ვსაუბრობდით, რომ 2020 წლიდან გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე ნულპროცენტიანი ბარიერით, ამის უკან იდგა გათვლა და დღემდე გვაქვს გათვლა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან ნიშნულს. ამ შედეგის პირობებში ყველა რისკი განეიტრალდება, რაზეც არის საუბარი თეორიაში და პრაქტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება იძლევა რწმენის საფუძველს, რომ პარტიის შედეგი არჩევნებზე 50 პროცენტზე მეტი იქნება.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მნიშვნელოვნად ავცდეთ 50 პროცენტიან ნიშნულს. ამ რწმენის საფუძველს ჩვენ გვაძლევს მოსახლეობის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები