საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართება.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
დაგეგმილია გვარების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მსვლელობები, რომლებიც მეტეხის ხიდის სიახლოეს შეიკრიბებიან და ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდებიან.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.
100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.