საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება და რომელზეც დეპუტატებს კენჭი დღეს უნდა ეყარათ, ჩაიშალა.
სანამ საკითხი კენჭისყრაზე გავიდოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთგზის მიმართა და სთხოვა, უმრავლესობის ფორმატში შეკრებილიყვნენ და ეთათბირათ.
„აქ სათამაშოდ არ ვართ, კითხვები დაისვა, რასაც პასუხები სჭირდება. რადგან დროც იწურება და დღეს ვერ ვასწრებთ, გთავაზობთ, საკითხი უმრავლესობის ფორმატში განვიხილოთ და შევთანხმდეთ ქვეყნის სწორ განვითარებაზე,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ორჯერ მიმართა და მოითხოვა კენჭისყრის გადადება, თუმცა, პირველ ჯერზე, არჩილ თალაკვაძისგან უარი მიიღო.
დიმიტრი ხუნდაძეს გია ვოლსკიც გამოეხმაურა და კოლეგებს დილით შეკრება შესთავაზა. „გთავაზობთ, ხვალ 10:00 საათზე, უმრავლესობის სხდომაზე შევკრიბოთ“ – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი გია ვოლსკის მიმართა, რომ ხვალინდელ სესიამდე მოეხდინათ შეხვედრის ორგანიზება.
„ხვალ 12:00 საათზე გვაქვს პლენარული სხდომა. საარჩევნო რეფორმის გარდა, გველოდებიან ჩვენი მოქალაქეები, სახელმწიფო, ქვეყანა, არის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა და ის უნდა დამტკიცდეს მიღებულ ვადებში. შესაბამისად, ხვალ სხდომა 12:00 საათზე განახლდება, თუ უმრავლესობის სხდომის ჩატარებას მიიჩნევთ მიზანშეწონილად, გთხოვთ, ეს უზრუნველყოთ სხდომის დაწყებამდე“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საბოლოო გადაწვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. კენჭისყრამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება და ითათბირებს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.