„დაანებეთ პოლიტიკურ მელაკუდობას თავი. ყველას მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდეს“ – ირმა ინაშვილის მუქარა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკურ მელაკუდობას თავი დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს ქუჩაში გამოიყვანს.   

„აქ არავინაა პატარა ბავშვი. აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს ვხედავ. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ. ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. კითხვა მერე: აი, რომ ჩააგდებთ, ჩუმჩუმად რომ გადიხართ და ერთმანეთში ლაპარაკობთ, არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ირაკლი კობახიძე უპირისპირდება მისვე გუნდს? ეს რას გაქვს, რას ნიშნავს? მომზადებულები და შეჯერებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

დეპუტატის განცხადებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს ჩააგდებს, ხალხს ქუჩაში თავად გამოიყვანს.

„კითხვას ვსვამ, აი, ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარება?  მზად ხართ, რომ  პროცესებს სტაბილურობის ფარგლებში მოაქცევთ? მე უკვე არც ერთ პარტიას არ ვაქცევ ყურადღებას. ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ? რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებული თვალებით? არადა, თქვენი პარტიის თავმჯდომარემ გამოიტანა ეს ცვლილება, ის იყო ამ ცვლილების ინიციატორი. დაანებეთ ამ პოლიტიკურ მელაკუდობას თავი, თორემ ცოტა ხანში, ყველა გავალთ გარეთ და ქართველი ხალხი დადგება პარლამენტის წინ“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს იხილავს. სწორედ დღეს იქნება კენჭისყრა, სადაც დეპუტატებმა პროპორციულ სისტემას მხარი უნდა დაუჭირონ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მათ ამომრჩევლებს დააზარალებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზება ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. ეს მაშინ მოხდა, როცა 20 ივნისის შემდეგ პარლამენტი წინ საპროტესტო აქციები იმართებოდა.       

https://mcm.ge/ქართული-ოცნება-პროპორც/

  

მსგავსი თემები