“პოლიტიკურ სანაგვეზე მიგიჩენთ ადგილს” – სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას ემუქრება

დღეს, სახალხო დამცველის ოფისთან “ქართული მარშის” წევრები შეიკრიბნენ. ისინი  ნინო ლომჯარიას მოადგილესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა. საპატრულო ეკიპაჟმა ტერიტორია თავად ბრეგაძეს დაატოვებინა.

“ქართული მარში” მოითხოვს, სახალხო დამცველმა ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბავშვების მონაწილეობის საკითხი შეისწავლოს. 

“მომისმინე ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში. ვერავინ ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. შენ და შენს აფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი. ეს არის პოლიტიკური სანაგვე”, – განაცხადა ბრეგაძემ.

“ქართული მარშის” წევრებთან ერთად, ომბუდსმენის ოფისში მივიდა მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაიღეს და მისი შინაარსის შესახებ მშობლებს არაფერი შეატყობინეს.

ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სანდრო ბრეგაძესთან მათ შეხვედრა შეთანხმებული ჰქონდათ. მისივე თქმით, მათ სახალხო დამცველის განცხადებაზე უნდა ესაუბრათ, რომელიც 8 ნოემბრის მოვლენებში რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, მათ არ იცოდნენ, რომ შეხვედრაზე არასრულწლოვნის მამაც აპირებდა მისვლას.

“მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია, მას ვაცნობე, რომ ამ ფორმატით და ამ რეჟიმში, ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ჩვენ ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი თემები